საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და UNDP პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად ლეჩხუმში იმყოფებიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დეხვირში მეწარმე და-ძმა ჭაბუკიანებს შეხვდნენ, რომლებმაც 2020 წელს UNDP-ის პროექტის ფარგლებში თაფლის საწარმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) ფინანსური მხარდაჭერით დააარსეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების შედეგად, მათ კვლავ მოიპოვეს დაფინანსება ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკური მხარდაჭერის კონკურსში და მათი ბიზნეს იდეა, აპი თერაპიის ცენტრის მოწყობასთან დაკავშირებით, განხორციელებას 2021 წლის ნოემბრიდან დაიწყებს.
სტუმრებმა აგრეთვე სოფელ ოყურეშში დაათვალიერეს დავით ჩაკვეტაძის მეურნეობა. დავით ჩაკვეტაძე 2011 წლიდან მისდევს მეღვინეობას ლეჩხუმში და 9 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ცდილობდა ღვინის მარანის გამართვას. 2020 წელს, UNDP FRLD-ის გრანტიორი ორგანიზაციის, “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“, მიერ გამოცხადებულ ქვე-გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა და 7 000 ლარის ინვენტარი გადაეცა. შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის შედეგად, დავითი ვენახების დამატებით ჰექტრებზე გაშენებას გეგმავს. ამას გარდა, ღვინის ჩამოსხმის აპარატი, რომელიც დავითს გრანტის ფარგლებში გადაეცა, მას საშუალებას აძლევს დააკმაყოფილოს ჰიგიენური სტანდარტები და ახალი ბაზრების მოძიებაზე იფიქროს.
,,ძალიან კმაყოფილი ვარ ლეჩხუმელი მეწარმეების შემართებით და საქმისადმი დამოკიდებულებით. მათი შრომის შედეგი სახეზეა. ასეთ ადამიანებს ნამდვილად ესაჭიროებათ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენც, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის"-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ თითოეული ლეჩხუმელის დახმარება მათი იდეებისა და მიზნების განხორციელებისათვის არის უმნიშვნელოვანესი კუთხის პოპულარიზაციისა და გაძლიერებისთვის.