რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
1.ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
2.ცაგერის მუნიციპალიტეტი
3.ლენტეხის მუნიციპალიტეტი
4.ონის მუნიციპალიტეტი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი (ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი), საქართველოში კი მესტიის რაიონი; დასავლეთით – სამეგრელოს მუნიციპალიტეტები; სამხრეთით იმერეთის მუნიციპალიტეტები, ასევე მხარის მოსაზღვრეა ამჟამად სამაჩაბლოში (ე. წ. სამხრეთ ოსეთი) შემავალი ჯავის მუნიციპალიტეტი. მხარის ტერიტორია 4601,3 კვ. კმ-ს მოიცავს, მისი მდებარეობა ზღვის დონიდან 400 მეტრსა და 5000 მეტრს შორის მერყეობს. აქ, ძირითადად, ქართველები სახლობენ, მათი საერთო რაოდენობა 49 000 კაცს აღწევს.
რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ - საძოვრები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, სვანური მურყვამები (კოშკები) და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.
განთქმულია აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.
მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.