16 სექტემბერს, სასწავლო პროცესი რეგიონის ყველა სკოლაში განახლდა. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალის და დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან -ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ესტუმრა და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. "ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს გამორჩეულად ნაყოფიერი. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა. განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის 17 სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დაგეგმილია 2 ახალი სკოლის მშენებლობა ლაილაშში და ჭყვიშში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ლენტეხის N1 და თეკალის საჯარო სკოლებსაც, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, ბევრი სხვა საინტერესო სიახლე დახვდებათ მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი კვლავ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ამ წარმატებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი პედაგოგებს მიგიძღვით, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა თქვენი დაუღალავი შრომა. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას! ". -აღნიშნა რწმუნებულმა