16 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორს – არჩილ ჯაფარიძეს და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტყითსარგებლობის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბლიაძე, რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე და სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პროექტები, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს სატყეო სექტორში მმართველობის გაუმჯობესებასა და რეგიონში სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ. განიხილეს სოციალურ ჭრებთან მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები, ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ სამუშაოებზე, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.