საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს
აღნიშნული დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
️კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე- გიორგი მიშელაძე, სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე- ქრისტინა კობახიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.
შემუშავებული დოკუმენტის მთავარი სიახლე არის სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა. ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას.
მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა.
საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).