ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, 18 ივნისს, რეგიონის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძე, მოადგილესთან –ლევან ქვათაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
პროექტი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება - 2 004 780 ლარს შეადგენს.
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.
პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.