სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებს ლიხეთში, აბარსა და ურავში დაესწრო.
არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივებისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სოფლის კრებებში. აღნიშნული პროცესი საშუალებას გვაძლევს თითოეული მაცხოვრებელს მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მათთვის საჭირბოროტო საკითხები, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება, თვითმმართველობებთან ერთად, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები. გასულ წელს ჩვენს რეგიონში არაერთი მასშტაბური პროექტი დავიწყეთ და განვახორციელეთ. მიმდინარე წელსაც მრავალ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ და მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი წელი ლუხუნის ხეობისთვის განსაკუთრებული იქნება, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი წესი-ურავის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ეს არის კიდევ ერთი საშუალება, სახელმწიფოს დაფინანსებით და ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობით, სოფლად არაერთი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მსგავსი მეთოდი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია და მე იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება“- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.
მოსახლეობამ აღნიშნულ სოფლებში უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭა.
სოფლის კრებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის მხარეში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 50 სოფელში ჩატარდა. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კრებები და კონსულტაციები ეტაპობრივად გაიმართება, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან