მიმდინარე წლის 5 სექტემბერს არჩილ ჯაფარიძე, ცაგერში მშენებარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
გუბერნატორმა დაათვალიერა და დადებითად შეაფასა მურის ციხეების კომპლექსამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ კომპლექსში შემავალი სამი ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომლებიც, რთული რელიეფის გამო, აქამდე მიუწვდომელი იყო.
არჩილ ჯაფარიძემ ასევე მოინახულა სოფელ ჩხუტელში გზის ასფალტირებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. გაეცნო ქალაქ ცაგერის შიდა გზების ასფალტირების, №2 ბაგა-ბაღისა და უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაციის პროცესს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს რეგიონში მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას.