10 აგვისტოს, ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ახალი საფეხბურთო მოედანი ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და მხარის წმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ გახსნეს. "ისტორიული დღეა ჩვენი რეგიონისთვის, დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი პროექტის - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობის დასრულებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რეგიონს უმასპინძლოს საერთაშიროსი ტურნირებს, ხელი შეუწყოს რაჭის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გარდა ამისა, ამბროლაურში გვაქვს 28 სტადიონი, 16 ტრენაჟორი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ კომპლექსებს, საცურაო აუზს, დასრულდა საჭიდაო დარბაზის მშენებლობა, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამბროლაური გახდეს სპორტული ტურიზმის ქალაქი." -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ ოფიციალური გახსნის ცერემონიისას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი, 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები სპორტსმენებისთვის გასახდელები, საშხაპეები, განათება, მისასვლელი გზა და საპარკინგე ადგილები მოეწყო. საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი და მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ. პროექტი რეგ ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება (სამივე რიგის) 2 770 000 ლარს შეადგენს სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად განხორციელდა