ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოჩნდა. სამხატვრო აკადემიის რესტავრატორებმა, 24 სექტემბერს, ახალ ორნამენტებს ტაძრის მარჯვენა მკლავის სახურავზე მუშაობისას მიაკვლიეს.
დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და ამბროლაურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი რელიეფური გამოსახულებები პირადად დაათვალიერეს.
XI საუკუნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ნიკორწმინდის ტაძრის საფასადო მორთულობა.
ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 2018 წლის აპრილში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო. სამუშაოებს შპს ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გარე ფასადების, იატაკის, სარკმელების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა.
სპეციალისტთა განცხადებით ახალი აღმოჩენა საფუძვლიან კვლევას და შესწავლას საჭიროებს. მდგომარეობას ადგილზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნობიან.