21 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები კახა ჭუმბურიძე და ნიკოლოზ ჯღარკავა სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დეტალურად გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ფედერაციის წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს პაპუნა მარგველიძეს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად თემას რეგიონში ფეხბურთის განვითარებისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობების ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნების მშენებლობის საკითხი, რის განხორციელების შემთხვევაშიც რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირებს. მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.