2 მაისს, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იანჩის, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრას ასევე გუბერნატორის მოადგილეები და ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. მხარეებმა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთობების გაღრმავების პერეპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარებული პარტნიორული ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლების სფეროებში.
არჩილ ჯაფარიძემ ელჩს რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, გააცნო მხარის კულტურა, სოციალურ–ეკომონიკური, ტურისტული და აგრო პოტენციალი.
ჩინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას როგორც სახელმწიფო,ისე ადგილობრივ დონეზე . ელჩის განცხადებით, რაჭაში მიღებულ ინფორმაციას ის თავის ქვეყანას გააცნობს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
ძი იანჩიმ შეხვედრის შემდეგ, ამბროლაურის ღვინის ქარხანა „როიალ ხვანჭკარა“ და ხილის საწარმო „ჯეო ფლაუერი“ დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა,რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს.