USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან- ლევან შერაზადიშვილთან ერთად ესწრებოდა.
ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების მერების კონფერენციის სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის პროცესის განხილვა და სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმება
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილე ენი სტიდი, სახელმწიფო რწმუნებულები, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენისა და განხორციელების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ადგილობრივი განვითარებისთვის დამატებითი რესურსების მოძიებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კარგი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა მოგვარებაც მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, ახალ კანონსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის
,,ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, უშუალოდ მიგვეღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებისგან მათ პრობლემებზე. ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო დღე იყო, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მოგვეცა რეალური საშუალება თანმიმდევრულად შეგვერჩია საჭიროებები მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის“-აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. ამ მიზნის განხორციელებისას პროგრამა ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობაზე და საგრანტო და ტექნიკური დახმარების მექანიზმების მეშვეობით ინვესტიციების სტიმულირებაზე
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესდეს მოსახლეობის საარსებო პირობები და ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას