რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების საკითხებზე ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ხვანჭკარის სპეციფიკაციაში დაგეგმილი ცვლილება განიხილეს, რომელიც 1 ჰექტარზე მოწეული ყურძნის ნორმატივს განსაზღვრავს; საუბარი შეეხო „საქპატენტში“ მიმდინარე ადგილწარმოშობის ღვინის „რაჭა“ რეგისტრაციის პროცესს, ასევე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებულ საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ადგილზე, ადგილწარმოშობის დასახელების გეოგრაფიულ საზღვრებში გადამუშავების საკითხს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის დაცვასა და ფალსიფიკაციის აღმოფხვრას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას და ღვინის ტურიზმის განვითარებას.
აღნიშნული მიზნისთვის, აუცილებელია რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღვინის საწარმოები ამოქმედდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. „ხვანჭკარას" ჯიშების სრულად გადამუშავება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადება.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს არსებული მიმართულებით ვითარება, შეფასდა ღვინის საწარმოების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოხდება აღნიშნული მიმართულებით გამოწვევების შეფასება და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა.