რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.
შაორის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ დადგმული ფლეშმობით გაიხსნა. საღამოს დასასრულ, სტუმრების წინაშე ანსამბლი “მართვე” და ჯგუფი “ფორტე” წარსდგნენ.
3-წლიანი წყვეტის შემდეგ, შაორის ბანაკი 13 აგვისტოს გაიხსნა და ახალგაზრდების პირველ ნაკადს მასპინძლობს.
ახალგაზრდების განვითარების ინტერესებში ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათი შერჩევა ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები უმასპინძლებენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.
პანდემიის დაწყების შემდეგ, შაორი არის პირველი ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც გაიხსნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, რაც შესაძლებელი გახდა ბანაკის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად. კერძოდ, 2021-2022 წლებში განახლდა ბანაკის სპორტული ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამზარეულო ბლოკი და ბანაკის მონაწილეებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად ყველა საცხოვრებელ კოტეჯში მოეწყო სველი წერტილი, გარემონტდა ყველა კოტეჯი.
მნიშვნელოვანია, რომ საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლიდან იგეგმება საბანაკე ინფრასტრუქტურის ადაპტირება. შესაბამისად, ბანაკები კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური იქნება და საბანაკე სერვისებით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებიც შეძლებენ.
მომავალ წელს კვლავ გაგრძლედება ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება და საბანაკე სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა.