განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ნიკორწმინდის, ხვანჭკარის და სადმელის საჯარო სკოლის მასწავლებლები ფაიზერის ვაქცინით ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში აიცრნენ, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე პირადად გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე მოუწოდებს, რეგიონის მასშტაბით, ყველა სკოლის წარმომადგენელს, დროულად ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებასა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვას.
იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის რეგიონის მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.