სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარსადგენი, მუნიციპალიტეტებიდან შემოსული საპროექტო იდეები.
საპროექტო იდეები წარმოადგინეს 4-ივე მუნიციპალიტეტიდან და შეირჩა შემდეგნაირად⤵
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქ.ონში, სოფლებში: ღებში, გლოლაში, ჭიორაში და კურორტ შოვში მინერალური წყლების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.
უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვირიშის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია
უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ისუნდერში ბუნებრივ მწვანე ჩანჩქერთან და ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩხუტელში გორის უბნის მისასვლელი ,,ღვინის გზის“ რეაბილიტაცია
ქალაქ ამბროლაურში მახალდიანის ქუჩის მიმდებარე სანაპიროს მოწყობა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა საპროექტო იდეების შეფასების პროცედურა, ხუთივე პროექტს მიენიჭა დადებითი შეფასება და გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს საპროექტო წინადადებების წარდგენას.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.