ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
მშენებლობას, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი აქტივების მართვის პროექტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები, მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაათვალიერა.
„აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალო-ნიკორწმინდის ზონის განვითარებისა და მკვიდრი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების შემდგომ ოთხი თემის მაცხოვრებლები მუნიციპალურ ცენტრთან დაკავშირებას შეუფერხებლად შეძლებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ზონა აერთიანებს მდინარე შარეულას უნიკალურ ხეობას და მის შემოგარენს, სადაც, გამარტივებული კომუნიკაციის პირობებში, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივები იქმნება“ - აღნიშნავს არჩილ ჯაფარიძე.
ჭრებალო-ნიკორწმინდის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პირველად ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდგომ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალურ ცენტრს უშუალოდ დაუკავშირდება ნიკორწმინდის, ნამანევის, ღადიშისა და ჭრებალოს თემის 8 სოფელი.
სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.