ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის გუნდსა და სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა/დისკუსია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები მონაწილეობდნენ.
მსჯელობისას განხილული იყო მხარეებს შორის პროექტით გათვალისწინებული თანამშრომლობის საკითხები, ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ადამიანებზე მიმართული და გამჭირვალე მმართველობის განვითარებისთვის.
პროექტი "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში" ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება. მის მიზნებს შორისაა დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილზე საჯარო სერვისების მიწოდების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გუნდმა, პროექტის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაცია წარადგინა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილეს პროექტის ძირითადი მიმართულებები და მიზანი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.