27 აგვისტოს ქ. ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ ჩატარდა. დღესასწაული ტრადიციულად გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა. ერთიან სივრცეში მოეწყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის ტრადიციული ფაცხების კუთხე, შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი კუთხეები. მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისათვის და დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები.
ფოლკლორული ფესტივალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა სამეწარმეო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 35-მდე მეწარმემ. ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო.
ღონისძიებაზე „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მიენიჭათ ლეგენდარულ მომღერალსა და ქართული ესტრადის ვარკსვლავს ნანი ბრეგვაძეს, ცნობილ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს შოთა ჯაფარიძეს, ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელს როსტომ გოგოლაძეს და ღვაწლმოსილ პედაგოგს ციალა ჭელიძეს.
გარდა ამისა, გამოვლინდნენ სხვადასხვა სფეროში წლის საუკეთესო მოღვაწეები, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ღონისძიების ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 4 წარჩინებულ მოსწავლეს - თამარ ბენდიანიშვილს, შოთა ჭელიძეს, ანა კევლიშვილს და ალექსანდრე კობახიძეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე წასდგნენ დავით არჩვაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ჯგუფი "ძირიანი" , კვარტეტი "ჰანგები და "ახალი კვარტეტი".
ფუძეობას, როგორც სახალხო დღესასწაულს საფუძველი რეჟისორმა გიგა ჯაფარიძემ ჩაუყარა და პირველი დღესასწაული ამბროლაურში 1988 წელს ჩატარდა. 27 წლიანი პაუზის შემდგომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და კომპანია „GeoTourist”-ის ორგანიზებით , ტრადიცია აღდგა და უკვე 2015 წელს ქალაქ ამბროლაურში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. დღესასწაულის მთავარი გზავნილი , სახელწოდებიდან გამომდინარე, რაჭიდან წასული ადამიანების, თუნდაც ერთი დღით, წინაპრების ფუძეზე დაბრუნებაა. თავისი არსით, იდეა ძალზე პოპულარული გახდა და დღეს უკვე „ფუძეობას“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეიმობენ სლოგანით - „გამოგვყევი შენს ფუძეზე!“