სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქ. ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა, რომელსაც მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირებზე განხილულ იქნა 2013–17 წლებში რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები...
2013–17 წლებში მხარის მასშტაბით 195 მილიონი ლარის ღირებულების 3000–ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. განხორციელდა სკოლამდელი დაწესებულებების, ამბულატორიების, კულტურის შენობების, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ნაპირსამაგრები, მოწესრიგდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია...
განხორციელდა ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტებიც, რომლებსაც რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გაიხსნა ამბროლაურის აეროპორტი, გზა დაიგო უწერა–შოვის და მრავალძლის მიმართულებით (რომელიც უახლოეს პერიოდში ბოლომდე დასრულდება), ქ. ამბროლაურში შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ცაგერში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ,,მწვანე თეატრს“, ასევე მიმდინარეობს სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა, ასფალტირებული გზა კეთდება ონის მუნიციპალიტეტში საგლოლო–ღების, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი ლენტეხი–ბავარის მიმართულებით, დაიწყო უშუქო სოფლების განათება, განხორციელდა სორი–ონის 12 კმ–იანი გაზსადენის მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ,,მთის კანონი“, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს სხვადასხვა მიმართულებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხვამლის მთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, საჩხერე–რაჭის და ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზების და გვირაბის მშენებლობა...
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოებისთვის და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მიმართულებით არსებული გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ბოლო წლებში რეგიონის მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მომავალში გაცილებით უფრო გაიზრდება. რეგიონით დაინტერესებას გამოხატავენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები, იზრდება კერძო ინვესტიციების რაოდენობა... ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მხარის განვითარებას, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას...
მომდევნო სამუშაო შეხვედრები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.