ცაგერის მუნიციპალიტეტში საირმის სვეტების მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სვეტებამდე მისასვლელი გზის და მოედნის მოწყობას, რომლის ჯამური ღირებულება 294 000 ლარია.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან - გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო.
საირმის სვეტები რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა და მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული ლოკაციის პოპულარიზაციას და ჩართვას ტურისტულ მარშრუტებში, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ადგილზე სტუმართმასპინძლობის ბიზნესს.
პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და კახეთში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონი ევროა.
სრიგპ წარმოადგენს ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებულ ინტეგრირებულ რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ხელსაყრელი გარემოს შექმნას და დაბალანსებულ მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საშუალებით.