12 დეკემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე...
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და მიუთითა შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირება მოახდინონ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
თათბირის მიმდინარეობისას თავიანთი საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სატყეო სააგენტოს, სურსათის უვნებლობის, პრობაციის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა.
გუბერნატორმა თათბირზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იგეგმება საქველმოქმედო აქციის მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას და მოუწოდა სამსახურების წარმომადგენლებს სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ აღნიშნულ აქციაში.