10 აგვისტოს, ქ.ონში, სახალხო დღესასწაული "ონელობა 2019 "აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო იუტა ბრუნშტაინერის ვორქშოპებზე შექმნილი ნამუშევრების, ფელიქს მიტერერის სპექტაკლის ფოტო-გალერეა, ტრისტან გოგრიჭიანის ნამუშევრებისა და ონის ისტორიის ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენები, ეთნოგრაფიული კუთხეები, თეატრალური სპექტაკლები, არჩეულ იქნენ საპატიო ონელები, გაიმართა კონცერტი ღია ცის ქვეშ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა. ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოადგილეები ლევან ქვათაძე, გიორგი გონაძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. "ონელობა 2019"ის ფარგლებში, ონს ლიეტუვის და ავსტრიის დელეგაციასთან ერთად, ასევე, საჩხერის, თიანეთის და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერებიც სტუმრობდნენ. სტუმრებმა რაჭული აივნის სტილის მქონე არკასთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს, "ონელობა" საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.