20 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კრიხში, სხვავაში და ფუტიეთში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ და პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად, მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს, მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვის მიზნით, მოსახლეობის დასახელებული პრიორიტეტები გამოკვეთეს. სოფელ კრიხში ძირითად საჭიროებად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასახელდა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები გაჟღერდა სხვავაში. სოფელ ფუტიეთის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად კი შიდა სასოფლო გზა დაასახელა, რომელიც დავიწროებულია და საჭიროებს არსებული ბუჩქნარისა და მცირე ზომის ხეების გაკაფვას,რათა გამავალი გახდეს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. რწმუნებულის ინიციატივით, მიმდინარე კვირის ბოლო სამუშაო დღეს დაიგეგმა მასშტაბური აქცია, მოსახლეობის და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს არსებული გზის გასუფთავება. სოფლებში გამართულ შეხვედრებს ასევე რწმუნებულის მოადგილეები დავით ღუდუმიძე, გიორგი გონაძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ. ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.