16 ნოემბერს ქალაქ ამბროლაურში ცნობილი რაჭველი მსახიობისა და რეჟისორის - გიგა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ონის სახალხო თეატრის სამუზეუმო ექსპონატები, გიგა ჯაფარიძისა და მის თანამედროვე მსახიობთა სასცენო მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, ასევე მისი რეჟისორობის პერიოდში საკუთარი ხელით შექმნილი კოსტუმები.
გიგა ჯაფარიძე 1924 წელს ონში დაიბადა. მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო.1959 წელს მისი ინიციატივით აქ საქართველოში პირველი „სახალხო თეატრი“ დაარსდა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამბროლაურსა და ონში თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.
ღონისძიება ონის კულტურის ცენტრისა და ამბროლაურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენის გახსნას მხარის გუბერნატორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.