დღეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შესახებ. მოხდა პრობლემური პროექტების იდენტიფიცირება თითოეულ მუნიციპალიტეტში და ეთხოვათ მერებს ორგანიზება გაუწიონ აღნიშნული პროექტების შემსრულებლებთან შეხვედრას, რათა კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინონ ღონისძიებების გატარება სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით.
ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინიცირებით, მიმდინარე წლისთვის დაიგეგმა გუბერნატორის ადმინისტრაციასთან სათათბირო ორგანოების - „სამხარეო გენდერული საბჭოსა“ და „ევროპა ჩემი სახლია“- შექმნა. აღნიშნული ორგანოები, ერთის მხრივ, კოორდინაციას გაუწევენ საზოგადოებრივ აქტივობებში რეგიონში მცხოვრები ქალების ჩართულობის ამაღლებას და მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სიახლეებისა და პროექტების რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გაცნობას. ამ მიმართულების სათათბირო ორგანოები გუბერნატორის ადმინისტრაციაში პირველად შეიქმნება.
სხდომაზე განხილულ იქნა სოციალური დაცვისა და დაავადებათა კონტროლის მიმართულებით არსებული სიახლეები. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარების, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ვაუჩერის გადაცემის და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათებით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისათვის მუნიციპალიტეტების მერებს ეთხოვათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განყოფილების უფროსმა მუნიციპალიტეტების მერებს გააცნო დეტალები ახალი პროექტის - უფასო ინტეგრირებული კვლევის (C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ ინფექცია) შესახებ. აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან დაიწყება და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების და საჯარო სკოლების ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ასევე 2019 წლისათვის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ორგანიზების უფლებამოსილება მომავალი წლიდან მთლიანად მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.