27 სექტემბერს, ქალაქ ამბროლაურის სპორტულ დარბაზში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის შედეგების განხილვა გაიმართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა იმ სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც კანონით დაწესებული შეღავათები შეეხო.
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანაავტორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ყურადღება გაამახვილა კანონის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მასში შესატანი ცვლილებების შინაარსა და სავარაუდო შედეგებზე. ასევე ისაუბრა მთის საწარმოს სტატუსის მინიჭების პროცედურებსა და გარემოებებზე, რომლებიც მთიან დასახლებებში მსგავსი ტიპის საწარმოების საქმიანობას და განვითარებას აფერხებენ. განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც, ამ მიმართულებით, სამართლებრივ ბაზას გაცილებით ეფექტურს გახდის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის-გოჩა ენუქიძის ბიუროს, გუბერნატორის ადმინისტრაციის, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.