ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი დღის ბოლომდე ლოკალიზებული იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამატებითი ძალისა და კიდევ ერთი ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო. მათ ძალიან ეფექტურად იმუშავეს. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ხანძარი ლოკალიზებული იქნება. არის რამდენიმე კერა, თუმცა არ არის დიდ ფართობზე. ახლა მიმდინარეობს ვერტმფრენით დამუშავება, შემდეგ ცოცხალი ძალა შევა, რომ დარჩენილი ნაშთების ლიკვიდაცია მოახერხონ. ღია კერები ამ დროისთვის არ არის, თითქმის ჩამქრალია, თუმცა შეიმჩნევა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ქვედა ნაწილი იწვის, ტორფი, ნარჩენი და ადვილად აალებადი მასა. მოსახლეობასთან ხანძრის ადგილი ახლოს არ არის, საკმაოდ დაშორებული მანძილია დასახლებული პუნქტიდან. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოდ, ეს მეხის გავარდნამ გამოიწვია, რადგან ხანძარი ტყის ფერდზეა, სადაც მარტივად ვერ მოხვდებოდა ვერც ადგილობრივი და ვერც ტურისტი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში ხანძარია. ამ დროის მონაცემებით, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა.
ცეცხლის ქრობაში120 მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.