„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ი ერთობლივად განახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში რაჭაში- სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. მშენებლობის საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის „„Deraza Iberico S.L.„-ს მფლობელმა და საქართველოში NATIVE GEORGIAN-ის მესაკუთრემ რეხინო დიაზ დელ რიოსამ, ასევე NATIVE GEORGIAN-ის დირექტორმა ლუის სანსიმ და ესპანეთის დელეგაციის სხვა წევრებმა მიიღეს. ოფიციალურ ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე და საპარტნიორო ფონდისა და კომპანია NATIVE GEORGIAN-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. „„Deraza Iberico S.L.„-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ცნობილი „ჰამონის“ წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყვნენ, მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და ლაბორატორიულ დონეზე შეისწავლეს ადგილობრივი ღორის ჯიშები. სასიხარულოა, რომ საქართველოში აღმოჩნა ისეთი ჯიში, რომელიც ესპანური ღორის „იბერიკოს“ ჯიშის გენოტიპთან იდენტურია და რომლისგანაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ჰამონის დამზადებაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია რომ პროექტი მოიცავს სოციალურ ასპექტსაც. ანალოგიური ფერმები აშენდება კიდევ 9 რეგიონში, პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ეკონომიკურ ცხოვრებას და მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის. აღნიშნული პროექტის წარმატებული განხორციელება მეღორეობის დარგის განვითარებას და საქართველოში ხორცპროდუქტების წარმოების ევროპულ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. „საპარტნიორო ფონდისა“ და NATIVE GEORGIAN-ის ერთობლივი, „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. 1. ეტაპი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. ამ დროისთვის მოძიებულია 56 ცალი უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორი. პროექტის პირველი ეტაპი სტერილურ პირობებში 300-მდე დედა ღორის მოშენებას ითვალისწინებს და აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1.000.000 აშშ დოლარს შეადგენს. 2. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება. ანალოგიური ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. პროექტის მეორე ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 3,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 3. ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენის პროექტის მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ -ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. 4. პროექტის მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1,2 მლნ აშშ დოლარია. 5. მეხუთე ეტაპი კი ქართული „ჰამონის“ დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა საბრუნავი კაპიტალის ჩათვლით 7 მილიონს შეადგენს. „ჰამონი“ სპეციალური ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთში და პორტუგალიაში აწარმოებენ. ის ხორცპროდუქტებში მსოფლიოში აღიარებული ბრენდია. კომპანია NATIVE GEORGIAN-ის მფლობელის მიერ ესპანეთში დაარსებული კომპანია„Deraza Iberico S.L.„ პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდაო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.„ თითოეული ღორიდან დაახლოებით 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვები 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით 85 მილიონ ევროს ასცდა. „Deraza Iberico S.L.„ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის აზიაში: იაპონია, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, მაკაო, ვიეტნამი, ხოლო ევროპაში: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია და სხვა.