სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ შიდა სამსახურებრივი თათბირი გამართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გუბერნატორმა შობა–ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მაღალმთიან, სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას და განსაკუთრებით მცირეკონტიგენტიან საბავშვო ბაღებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
თათბირის მიმდინარეობისას გუბერნატორმა მოისმინა ინფორმაციები რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ და სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ, წარმოადგინეს ანგარიში აღნიშნულ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ზოგიერთი მიმართულებით არსებული ხარვეზები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზე და მისცა დავალება შესაბამის სამსახურებს პერიოდულად წარმოადგინონ ანგარიშები მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ.