საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს საქართველოს კულტურა და იქ მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება. ეს იდეა გიორგი კვირიკაშვილმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა.
პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის - ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ.