სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში- ‘’საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ წარმომადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე სიმბოლური ჯილდო გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს- რომელიც 2023 წლის საუკეთესო მუნიციპალიტეტად დასახელდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო ეროვნული ფედერაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის; სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2024-ის თამაშებს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადები კი შედგება მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი ეტაპებისგან.
შეხვედრის მიზანს 2024 წლის სასკოლო სპორტის პროგრამებისა და საპილოტე პროექტის ‘’საქართველოს თავისუფლების თამაშები’’ განხილვა წარმოადგენდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა აქტიური მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.