ჩემო მეგობრებო!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.
ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით.
ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას!
გასული, 2022 წელი მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო ჩვენი რეგიონისთვის. სხვადასხვა ფონდებიდან განხორციელდა 37 მილიონზე მეტი ლარის 400-მდე პროექტი: რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებსა და კულტურის ობიექტებს, მოეწყო ახალი საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განახლდა ოთხივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ურბანული იერსახე. ამოქმედდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეებისათვის, ქ. ამბროლაურში გაიხსნა დიალიზის კაბინეტი, რამაც შესაძლებლობა მისცა შესაბამის ბენეფიციარებს დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე, საკუთარ რეგიონში მიიღონ მომსახურება. უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ქ. ცაგერშიც.
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის-ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქ. ამბროლაურში, ონსა და ცაგერში მცხოვრებ 105 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები.
დარწმუნებული ვარ, 2023 წელი ჩვენი კუთხისთვის, კიდევ უფრო, ნაყოფიერი იქნება. ჩვენ, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მზად ვართ 2023 წელი დავიწყოთ ახალი შემართებით, განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ცხოვრებას კომფორტულს და მიმზიდველს გახდის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2023 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მშვიდობას!
პატივისცემით,
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა (პარმენ) მარგველიძე.