„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი -ირაკლი ნატროშვილი რაჭას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, კლინიკის დირექტორი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს- ლაშა ჭიჭინაძეს, რეგიონის მასშტაბით ოთხივე მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) კლინიკის დირექტორებსა და მუნიციპალიტეტების ექიმებს შეხვდა.
ირაკლი ნატროშვილმა ადგილობრივ ექიმებს კლინიკის მომსახურებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და გამართა მსჯელობა სამომავლოდ რაჭის რეგიონში კლინიკის სერვისების დანერგვის შესახებ.
კენ ვოლკერის კლინიკა არის პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური, მულტიპროფილური და მულტიდისციპლინარული სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებლი კლინიკა, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. ყოველდღიურად შესაძლებელია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურების ჩატარება 500-მდე პაციენტისათვის.კლინიკა მდებარეობს თბილისში და ბათუმში.
სახელმწიფო რწმუნებულმა ლაშა ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორს ირაკლი ნატროშვილს ვიზიტისათვის და საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის. გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ირაკლი ნატროშვილი- კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, გრიგოლ ტურძელაძე- ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ავთო ლებანიძე- შპს ონის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი, მირანდა ბაბლუანი- შპს ცაგერის N 1 რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ეკატერინე მურუსიძე-ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.