დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულებული ‘’ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი’’ სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან- მზია გიორგობიანთან ერთად მოინახულა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შიდა ინტერიერის აღჭურვა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II” პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით.
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსება შეადგენს 72 198 ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის აღჭურვა საჭირო ინვენტარით. ასევე ცაგერის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა საინფორმაციო მასალები (ბუკლეტები), შეიქმნა 2 ვიდეო კლიპი, მომზადდა ტურისტული საინფორმაციო სტენდი და მოეწყო საგზაო მანიშნებლები.
დაიგეგმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ცაგერი იყო საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტი, რომელთანაც გაეროს განვითარების პროგრამამ პირველი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი დაფინანსების მიზნით.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ცაგერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა, ასევე ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტი ''საირმის სვეტები''.
მნიშვნელოვანია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა კვლავ აგრძელებს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას. კერძოდ,
მუნიციპალიტეტების მერიებთან თანამშრომლობით ამბროლაურში კოსტავას ქუჩა N2-ის და ვაჟა ფშაველას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია საზოგადოებრივი სივრცეების (პარკების) კეთილმოწყობა, ხოლო ონში სეზონური სავაჭრო პავილიონების განთავსება.
„საქართველოში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის მეორე ფაზის (FRLD 2, 2018-2021წწ) მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და უზრუნველყონ მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განახორციელონ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინიციატივები,რომლითაც ისარგებლებს ქვეყნის ყველა მოქალაქე: ქალები, კაცები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობების წარმომადგენლები და მოწყვლადი ჯგუფები.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა UNDP –ის ხელმძღვანელს ლუიზა ვინტონს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს- მზია გიორგობიანს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობას ერთობლივი პროექტისთვის, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.