რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ დღეს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან - ზურაბ ვაჭარაძესთან და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან - პეტრე მესხიძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს 2021 წლიდან მხარეში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებისათვის ადგილზე წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
‘’ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში მევენახეობა -მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას, ასევე მაღალხარისხიანი ყურძნის, ღვინისა და წარმოების რეალიზაციას. სახელმწიფოც და ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადავდგათ ნაბიჯები და განვახორციელოთ ხარისხიანი ღვინის წარმოება‘’-აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - გიორგი მაქარაშვილი და რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი - ოლეგი ქურციკიძე.