1 თებერვლიდან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.
გარდა ამისა, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება COVID-19-ზე.
ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.
მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.
სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით განხორციელდა და გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად ხორციელდებოდა:
2020 წელს აშენდა 2 სკოლა ჭყვიშსა და ლაილაშში, ჭყვიშის 60 მოსწავლეზე და ლაილაშის 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ორივე სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და საერთო ღირებულებამ 3 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. მათი აღჭურვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონის მასშტაბით 34 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სველი წერტილების რეაბილიტაცია, ასევე სკოლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
2021 წელს კვლავ აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გილოცავთ სასწავლო პროცესის განახლებას და გისურვებთ ჯანმრთელობას!