17 თებერვალს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს დაეთმო. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება – მათ შორის სასმელი წყლებისა და საკანალიზაციო სისტემების, ნაპირსამაგრების, გზების და სკვერების, სპორტული და კულტურული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა...
გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლების არსებულ მდგომარეობაზე და მოუწოდა გამგებლებს მაქსიმალურად აკონტროლონ წყალსადენებისა და წყლის სათავე ნაგებობების მდგომარეობა, ამასთან მითითება მისცა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რომ განსაკუთრებულად იზრუნონ ქალაქების იერსახესა და სისუფთავეზე. თათბირზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მზადების პროცესი და სამოქმედო გეგმაში მიმდინარე ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მომავალში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრა მოხდება.