,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპურატმა გოჩა ენუქიძემ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ქრისტინა კობახიძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 553 220 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოყოფილია ადგილები, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება გასართობი სივრცეების და ისეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით აქვს ანალოგიური ტიპის ქსელები.
‘’სანაპიროს’’ განვითარების მიზნით სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება სივრცეების დანიშნულებისამებრ ათვისება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ქალაქის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის.
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას" საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი), 2020-2022 წლებში, გამოყოფილი იქნა 205 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამის შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით.