რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის, დაბა ლენტეხის N1 და ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლები გაიხსნა.
განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატთან გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან, ქრისტინა კობახიძესთან, ბერდია ჩანქსელიანთან, ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
გივი მიქანაძე: „სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, ამ მომენტშიც აქტიურად გრძელდება. ახალი სასწავლო წლისთვის 60-მდე ახალრეაბილიტირებულ და ახალაშენებულ საჯარო სკოლას ვხსნით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი დაპირება სრულდება.
წლიდან წლამდე იზრდება განახლებული სკოლების რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის როგორც პედაგოგების, ასევე, მასწავლებლების მოტივაციას და მოზარდების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს‘‘.
სამივე საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.







