სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი.
რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო მოცულობა 108,8 ათას ჰექტარს შეადგენს. საძოვრებზე მოდის სავარგულების 66%, სახნავ-სათესზე – 7%, სათიბზე – 23%, ხოლო მრავალწლიან ნარგავებზე – 4%. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა ნაკლებად ათვისებული სავარგულები, რომელიც 84,7 ათას ჰა-ს, ანუ მთლიანი სავარგულების 78%-ს შეადგენს, სავარგულების ათვისება როგორც სათიბ-საძოვრებად, ისე სახნავად, რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოდგენს. კლიმატური პირობებიდან და სასოფლო-სამეურნეო მიწის სპეციფიკიდან (რეგიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უმეტესობას სათიბსაძოვრები შეადგენს) გამომდინარე, რეგიონში საირიგაციო სისტემები არ არსებობს. სასოფლოსამეურნეო სავარგულები მორწყვას არ ექვემდებარება. თუმცა, მოსახლეობა საკარმიდამო ბაღბოსტნების მოსარწყავად ზაფხულის გვალვიან პერიოდში აქტიურად იყენებს სასმელი წყლის სისტემებს და ბუნებრივ წყაროებს.
მემცენარეობა-მეცხოველეობა
რეგიონში მემცენარეობის პრიორიტეტული მიმართულებაა მევენახეობა, რომელიც წარმოდგენილია ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია სიმინდს და ლობიოს წარმოებას. მეცხოველეობა მხარეში ერთ–ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს და ის ფერმერთა და გლეხური მეურნეობების ძირითადი შემოსავლის წყაროა. რეგიონში მეცხოველეობა, ძირითადად, წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით და შესაბამისად, მეცხოველეობის ძირითადი მიმართულება ხორცისა და რძის წარმოებაა. რეგიონში დამზადებული ხორცისა და რძის პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი. რაჭული ლორი ქართული სუფრის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. აქედან გამომდინარე ღორის მოვლა-მოშენება (მეღორეობა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისათვის ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულება იყო და რჩება დღესაც. მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „რაჭული ლორი“, რომელიც აწარმოებს რაჭული ლორის გამოყვანას.
რეგიონში არ არსებობს მეფრინველეობის ფერმები. მეფრინველეობას მისდევენ ოჯახურ მეურნეობებში, არაკომერციული მიზნით. მეფრინველეობის განვითარების კარგი პოტენციალი აქვს ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს. ოთხივე მუნიციპალიტეტში ფართოდ არის გავრცელებული მეფუტკრეობა. აქაური თაფლი გამორჩეულია გემური და სამკურნალო თვისებებით, რაც გამოწვეულია ხე-მცენარეებისა და ყვავილოვანი მცენარეების არაერთგვაროვნებით. რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. რეგიონში არსებული წყალსაცავები, განსაკუთრებით კი შაორის წყალსაცავი და არსებული მთის ცივი მდინარეები განაპირობებს მეთევზეობის მეურნეობების არსებობას. აღინიშვნის ღირსია მეცხენეობის განვითარების ტენდეციები, რაც ნაკლებად დამახასიათებელია სხვა რეგიონებისთვის. სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები, ძირითადად, წარმოდგენილია ხილის, ალკოჰოლური და მეცხოველეობის პროდუქტის მწარმოებელი ქარხნების სახით. ყოველწლიურად იზრდება ღვინის ქარხნების რაოდენობა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს გარეული ხილის ჩირის საშრობი საწარმო „აგროფლაუერი“, რომელიც იღებს, აშრობს და აფასოებს შემდეგ სამკურნალო მცენარეებს: ასკილი, ჭინჭარი, ცაცხვის ყვავილი, ფირისულას ძირები, შავყვავილა, დეკა. აღნიშნული პროდუქტის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე გერმანიაში. ონის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მეცხოველეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ორი საამქრო. მიმღები და გადანაწილების ცენტრები რეგიონში არ არსებობს. რეგიონის მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ გვხვდება და აქედან გამომდინარე, რეგიონში წარმოებული პროდუქცია (ყურძენი, ხილი, სიმინდი, ლობიო და სხვ.) დიდი მოცულობის სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის შექმნას არ საჭიროებს. ცაგერის მუნიციპალიტეტში არის სანერგე მეურნეობა, სადაც გამოჰყავთ უნიკალური ჯიშის ვაზის ნერგები, ხოლო მცირე ზომის სატბორე მეურნეობები არის როგორც ონის (სოფ. შარდომეთი), ისე ცაგერის (სოფ. ქვემო ცაგერი) მუნიციპალიტეტებში. ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები.
მევენახეობა-მეღვინეობა ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგებია. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ.
მაღალხარისხოვანი საწარმოო ვაზის ჯიშებია ადგილობრივი აბორიგენური ,,ალექსანდროული“ და ,,მუჯურეთული“, ისინი ბუნებრივად იძლევიან ორიგინალურ, ნახევრად ტკბილ, საქვეყნოდ ცნობილ ,,ხვანჭკარას“, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეღვინეობის სახეა და სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია გავრცელებული. ეს ჯიშები შეტანილია საქართველოს უძვირფასესი ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში. შესაბამისად, ამბროლაური, თავისი „ხვანჭკარის“ უნიკალური მიკროზონით ქართული მეღვინეობის ერთ – ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზას წარმოადგენს. ასევე გამოირჩევა ლეჩხუმში ,,უსახელოურის“ ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც უნიკალური ღვინო მზადდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ვენახებისა და ღვინის ქარხნების რაოდენობა.