მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ბუნებრივი რესურსები

წყლის რესურსი

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი მდიდარია წყლის რესურსებით, რომლის დიდი ნაწილი ჰიდროენერგეტიკაში გამოიყენება. წყლის ძირითადი არტერიებია: ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მდ. რიონი თავისი შენაკადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში – მდ. ცხენისწყალი, მდ. ხელედურა
და მდ. ლასკადურა, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში – მდ. ცხენისწყალი და მდ. რიონი.
რეგიონში მდებარეობს 2 წყალსაცავი. შაორის წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობა 90 მლნ კბმ-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა – 87 მლნ კბმ-ს შეადგენს.მისი დანიშნულება ტყიბულში არსებული შაორის ჰეს-ისთვის სეზონური ჩამონადენის რეგულირებაა. ლაჯანურის წყალსაცავისწყლის საერთო მოცულობა 20 მლნ კბმ-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა- 17 მლნ კბმ-ს შეადგენს. წყალსაცავი ყოველკვირეული რეგულირების ტიპს მიეკუთვნება და წყალს აწვდის ლაჯანურჰესს.
რეგიონი მდიდარია ბუნებრივი წყაროებით და შესაბამისი საკურორტო ადგილებით.
კურორტ უწერაში 28 სახის მინერალური წყლის საერთო დღეღამური დებეტი 800 ტონაა. ისინი მდიდარია კალციუმითა და რკინით, შეიცავს ბორსა და იოდს, ასევე სხვა მინერალებს. შოვში გამოკვლეულია 16 სახის მინერალური წყარო, რომელთა დღეღამური დებეტი 150 ტონაა. ისინი ქიმიური შემადგენლობის პირველი ტიპისაა,
შეიცავს კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს და სხვა მინერალებს. გამორჩეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლები, განსაკუთრებით კურორტ ლაშიჭალას სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები და ძუღურის მინერალური სამკურნალო წყალი, რომელიც, ძირითადად, დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოიყენება. გამოირჩევა აგრეთვე ალპანის, ახალჭალის, აღვი-ცაგერის, ლაძგვერიის და უსახელოს მინერალური სამკურნალო წყლები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკური ართროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური მკურნალობისთვის. მდიდარი წყლის რესურსების გათვალისწინებით, რეგიონს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. რეგიონში ენერგეტიკის ძირითადი ობიექტებია ორი ჰიდროელექტროსადგური: ამბროლაურში რიცეულაჰესი 6,1 მგვტ სიმძლავრით და ცაგერში ლაჯანურჰესი 112,5 მგვტ სიმძლავრით. აღნიშნული ორი ობიექტი უზრუნველყოფს რეგიონის ენერგომომარაგებას.  სხვადასხვა ადგილას (მდ. ხელედურა, მდ. ჩეშურა, მდ. ჯეჯორა, მდ. ჯონოული), შესაძლებელია მცირე ჰესების აშენება. მდ. რიონის აუზის მდინარეების თეორიული ტექნიკური ჰიდროპოტენციალი შეადგენს 428,8 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს და 2390 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიის წლიურ გამომუშავებას. ჰიდრორესურსების გამოყენებისას, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება.
რეგიონს აქვს საკმარისი პოტენციალი მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით, რომლის დღიური მაჩვენებელი 4,2-4,5 კვტსთ/მ²-ია(ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიონის ფერდობზე ფიქსირდება).

ტყის რესურსები.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი გამორჩეულია მდიდარი ტყის რესურსით. ტყით დაფარულია რეგიონის ტერიტორიის დაახლ. 61%(292,9 ათასი ჰა ფართობი მერქნის
საერთო მარაგით 60,6 მლნ კბმ). აღსანიშნავია ე.წ. ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. გარდა ამისა, რაჭაში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი (ძირითადად, კედარის) ტყეები, რომელთა ასაკი მრავალი ათეული წელია. რეგიონის ტერიტორიაზე განფენილი ტყეები განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევა. გარდა სამრეწველო პოტენციალისა, უნდა აღინიშნოს მათი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი ფუნქციები.
ტყის შემქმნელ ძირითადმერქნიან სახეობებს შორის, მაგარმერქნიანი ფოთლოვნებიდან ჭარბობს წიფელი (გავრცელებულია 134724 ჰა ფართობზე და მერქნის მარაგი შეადგენს 24665 ათას კბმ-ს). მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მუხნარებს (26057 ჰა, 3205 ათასი კბმ). წიწვოვნებიდან ჭარბობს სოჭი (29314 ჰა, 11281 ათასი კბმ), ნაძვი (9002 ჰა, 2720ათასი კბმ) და ფიჭვი (5900 ჰა, 398 ათასი კბმ). რბილმერქნიანი ფოთლოვნებიდან ყველაზე დიდი ფართობი უკავია არყს (13139 ჰა) და მურყანს (5244 ჰა) საერთო მერქნის მარაგით 612 ათასი კბმ. 2011 წელს რეგიონში ათვისებულ იქნა 25825  მ3 საშეშე და 11867 მ3 სამასალე მერქანი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაცემულია 22 ლიცენზია სოჭის
გირჩის თესლის მოპოვებაზე. შესაბამისი მოსაკრებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ტყეებისა და მისი რესურსების პოტენციალის გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მერქნული რესურსის არსებული მარაგები, სწორად დაგეგმვისა და მდგრადი ტყითსარგებლობის შემთხვევაში, იძლევა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ისე მათი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

წიაღისეული

რეგიონში მოიპოვება ფერადი ლითონები და არალითონური წიაღისეული. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოიპოვება ქვიშა-ხრეში, რომლის საერთო მარაგი 780 ათას მ3-ს შეადგენს. გარდა ამისა, რეგიონში გვხვდება კირქვა (130 ათასი მ 3), ქვანახშირი (300 ათასი ტონა), თაბაშირი (900 ათასი მ 3 ), დიაბაზი (20 ათასი მ 3), ბარიტი (შეფასებული არ არის), მანგანუმი (1010 ათასი ტონა) და ოქრო (შეფასებული არ არის).